Proforientation

Proforientation

                                                  ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის
                                   პროფესიულ სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მექანიზმები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის (შემდგომში - დაწესებულება)  პროფესიულ სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მექანიზმები (შემდგომში - მექანიზმები) შემუშავებულია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების, მოქმედი კანონმდებლობის, განათლების სფეროს ექსპერტთა რეკომენდაციებისა და დაწესებულების წესდების საფუძველზე. 
1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების უზრუნველყოფა მათი კარიერული მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმის შემუშავების გზით.

მუხლი 2. არსებული და პოტენციური პროფესიული სტუდენტების კარიერული მხარდაჭერის ღონისძიებები
2.1. დაწესებულება რეგულარულად ატარებს შეხვედრებს სკოლებში, ორგანიზაციების ბენეფიციარებსა და სამუშაოს მაძიებლებთან, რაც ხელს უწყობს დაინტერესებული პირების დეტალურ ინფორმირებას დაწესებულებისა და მისი პარტნიორი დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული სწავლებისა და დასაქმების პირობების შესახებ. აგრეთვე, აღნიშნულ ღონისძიებათა მეშვეობით ვრცელდება დაწესებულების მიერ განხორციელებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამის პროფესიათა შესახებ დამატებითი ინფორმაცია.
2.2. პროფესიულ სტუდენტთა მიერ კარიერული ნაბიჯების წარმატებით გადადგმის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულების პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი მათ რეგულარულად აწვდის ინფორმაციას, რაც ხორციელდება როგორც დაწესებულების მხრიდან პროფესიულ სტუდენტთა საჭიროებათა შესწავლის საფუძველზე, აგრეთვე, პროფესიული სტუდენტის მიერ მომართვის შემთხვევაშიც.
2.3. ინფორმირება გულისხმობს პროფესიული სტუდენტისათვის/მსმენელისათვის დასაქმების გზაზე გასავლელი ეტაპების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. 

მუხლი 3. პროფესიულ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია
3.1. პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია დაწესებულების პარტნიორი კომპანიებისა და აღნიშნულ კომპანიათა მიერ შემოთავაზებული დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
3.2. წინამდებარე მუხლის 3.1. პუნქტით გათვალისწინებულ პროცესს კოორდინაციას უწევს დაწესებულების პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, რომელიც აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ქმნის და აწარმოებს დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა ბაზებს, რომელშიც ასახულია კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ ინფორმაცია. 
3.3. პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება შესაბამისი ვაკანსიების შესახებ ხდება ჯგუფური შეხვედრებისას ან სოციალური ქსელების/ელექრონული ფოსტის მეშვეობით. კურსდამთავრებულთა ინფორმირება კი ხორციელდება ინდივიდუალურად სატელეფონო კომუნიკაციის  მეშვეობით.
3.4. პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის დასრულებიდან 3 თვეში ჩატარდება კურსდამთავრებულთა კმაყოფილების კვლევა, კითხვარი შემუშავებულია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის მიერ. აღნიშნული გამოკითხვის შედეგად ხორციელდება შემდეგ საკითხთა მოკვლევა:
    3.4.1. დასაქმდა თუ არა კურსდამთავრებული;
    3.4.2. დასაქმდა თუ არა იმ სპეციალობით, რომელიც დაამთავრა;
    3.4.3. კმაყოფილია თუ არა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით და უნარებით;
    3.4.4. იყენებს თუ არა მათ სამუშაო პროცესში და ა.შ 
3.5. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი ამ მუხლის 3.4. პუნქტით გათვალისწინებული კვლევის მეშვეობით მიღებულ მონაცემებს ამუშავებს და უკეთებს ანალიზს, რის შემდეგაც ხორციელდება დაწესებულების შიდა მხარდაჭერის ჯგუფის ინფორმირება შესაბამის რეკომენდაციათა შემუშავების მიზნით.
3.6. დაწესებულება მუდმივ კომუნიკაციაშია დამსაქმებელთან, შესაბამისად, გარდა კურსდამთავრებულთა კმაყოფილების კვლევისა, დაწესებულებაში ხორციელდება დამსაქმებელთა გამოკითხვა, რომლის მიზანია, განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება პროფესიული სტუდენტის მიერ გამომუშავებული პროფესიული უნარები დასაქმების სფეროს, საჭიროებენ თუ არა პროფესიული სტუდენტები დამატებითი პრაქტიკის გავლას, რამდენად შესაბამისობაშია კურსდამთავრებულთა კომპეტენცია დამსაქმებელთა შესაბამისი პოზიციების მოთხოვნებთან, რამდენად საკმარისია პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის ხანგრძლივობა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის და სხვა. აღნიშნული გამოკითხვა ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან 3 თვის ვადაში და მისი შედეგების საფუძველზე შიდა მხარდაჭერის ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.


მუხლი 4. დასკვნით დებულებები
4.1. წინამდებარე მექანიზმებს ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი ბრძანებით.
4.2. წინამდებარე მექანიზმები უქმდება, მასში ცვლილებები ან/და დამატებები  შედის დირექტორის ბრძანებით.