სექტემბერი 18, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა

18 სექტემბერს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა ღია კარის დღეს უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირები.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის კოლეჯის საქმიანობის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობების გაცნობა.

სტუმრებს კოლეჯის დირექტორი მანანა მოისწრაფიშვილი შეხვდა და ისაუბრა როგორც პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიის სწორად შერჩევის შესაძლებლობებზე, კოლეჯში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების პრაქტიკულ კომპონენტზე, ისე იმ პერსპექტივებზე, რომლებსაც პროფესიული განათლება ახალგაზრდებს კარიერული განვითარების მიმართულებით სთავაზობს.

ღია კარის დღე გაგრძელდა კოლეჯის შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციითა და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებთან შეხვედრით. პროგრამების ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ პირებს დეტალურად გააცნეს პროგრამების შინაარსი, სწავლების სპეციფიკა, პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობები, შესაბამისი პროფესიებით დასაქმებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატშიც წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები უშუალოდ პროგრამების ხელმძღვანელებისთვის დაესვათ და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო სივრცეები და ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც პრაქტიკულ ვორქშოფებში ჩაერთნენ. ლოკომოტივის სიმულატორის საშუალებით მათ პრაქტიკულად გაიცნეს ლოკომოტივის მემანქანის პროფესია, ასევე მონაწილეობა მიიღეს მეხანძრისა და შრომის უსაფრთხოების ოფიცრის მიმართულებით დაგეგმილ პრაქტიკულ აქტივობებში.

ღია კარის დღის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ, გაეზიარებინათ მოსაზრებები და უფრო დეტალურად გაცნობოდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისა და სწავლის შესაძლებლობებს.

შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყება და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის პერიოდი: 21 სექტემბერი – 9 ოქტომბერი
რეგისტრაცია შესაძლებელია: vet.ge-ზე


ფოტოები