ოქტომბერი 24, 2026
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიო ტექნიკური და პროფესიული განათლების ლიგის (World TVET League) წევრი გახდა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიო ტექნიკური და პროფესიული განათლების ლიგის (World TVET League) წევრი გახდა!
განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საქართველოდან პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც მსოფლიო პროფესიული განათლების ლიგის წევრობა მოიპოვა.
აღნიშნული მიღწევა გამოძახილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბატონი გივი მიქანაძის უპრეცენდენტო მხარდაჭერის, რომელმაც ჩვენი კოლეჯისა და ჩინეთის ნანძინის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის თანამშრომლობის დასაწყის ეტაპზევე დაუდო საფუძველი მომავალ წარმატებულ თანამშრომლობას სარკინიგზო ინდუსტრიის პროფესიული განათლების ჰარმონიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, რისთვისაც კოლეჯის მთელი გუნდი მადლობას უხდის ბატონ მინისტრს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ World TVET League აერთიანებს მსოფლიოს 43 ქვეყნის 109 წევრ ორგანიზაციას, მათ შორის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებსა და პროფესიული განათლების სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს.
ლიგის მიზანია პროფესიული განათლების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მსოფლიო ტექნიკური და პროფესიული განათლების ლიგის წევრობა მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კოლეჯის საერთაშორისო განვითარების გზაზე, ისე საქართველოს სარკინიგზო მიმართულების პროფესიული განათლების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენისთვის. იგი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შესაძლებლობას აძლევს უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში, გაიზიაროს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების, თანამედროვე მიდგომების გაზიარებისა და სარკინიგზო ინდუსტრიასა და პროფესიულ განათლებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
კოლეჯი აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს სარკინიგზო სექტორისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი - საერთაშორისო თანამშრომლობის, პროფესიული განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების გზაზე!