ოქტომბერი 27, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პროფესიული და ტექნიკური განათლების განვითარების კონფერენციაში

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პროფესიული და ტექნიკური განათლების განვითარების კონფერენციაში

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო ქ. ტიანძინში გამართულ მსოფლიო პროფესიული და ტექნიკური განათლების განვითარების კონფერენციაში (World Vocational and Technical Education Development Conference).

კონფერენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და ტიანძინის მუნიციპალური მთავრობის ეგიდით ჩატარდა. ღონისძიებამ გააერთიანა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დარგობრივი ასოციაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციის მთავარი თემა იყო „პროფესიული განათლება: ცვლილებების მიღება, სტანდარტების ჩამოყალიბება და საერთო მომავლის შექმნა“, რომელის ძირითად მიზანს წამოადგენდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, გლობალური სტანდარტების შემუშავებისა და გაზიარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე განათლების ხარისხის საერთო მიდგომების განვითარება და პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და სამომავლო მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების საკითხების განხილვა.

კონფერენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში პროფესიულ განათლებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. აღნიშნული საკითხი გაგრძელდა „სარკინიგზო ტრანსპორტში ინდუსტრიისა და განათლების ინტეგრაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის“ (International Cooperation Initiative on Industry–Education Integration in Rail Transit) ოფიციალური წარდგენის ცერემონიით.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოც შეუერთდა აღნიშნულ ინიციატივას. სს „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ქირიამ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა სცენაზე დააფიქსირეს აღნიშნულ პროცესში ჩართულობის მზაობა.

„სარკინიგზო ტრანსპორტში ინდუსტრიისა და განათლების ინტეგრაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის“ (International Cooperation Initiative on Industry–Education Integration in Rail Transit) ოფიციალურ წარდგენაში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მონაწილეობა სარკინიგზო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი იყო.

აღსანიშნავია, რომ არსებული ინიციატივა ნანძინის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულმა ინსტიტუტმა (Nanjing Vocational Institute of Railway Technology) მსოფლიო პროფესიული განათლების ლიგის მხარდაჭერით წამოიწყო სარკინიგზო საწარმოების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმაზე დარგობრივი ორგანიზაციებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანების მიზნით.

კონფერენციის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ პროფესიული განათლების სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, გაეფართოებინათ პროფესიული კონტაქტები და განეხილათ თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საქართველოს სარკინიგზო სექტორისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.


ფოტოები