სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია პროფესიულ განათლებაში: AI-ის ეფექტიანი გამოყენება სასწავლო და ადმინისტრაციული მიზნებისთვის“

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია პროფესიულ განათლებაში: AI-ის ეფექტიანი გამოყენება სასწავლო და ადმინისტრაციული მიზნებისთვის“, რომელშიც მონაწილეობდნენ კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალი და პროფესიული სტუდენტები.
ტრენინგის მიზანი იყო ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება, რათა მათ შეძლონ AI ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში, ადმინისტრაციული ამოცანების გამარტივება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესება.
პროფესიული სტუდენტებისთვის კი ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სასწავლო პროცესში სწორად, კრიტიკულად და პასუხისმგებლობით გამოყენების უნარების განვითარება.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ AI-ის გამოყენების შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის:
- · AI აპებსა და ხელსაწყოებს სასწავლო და სამუშაო პროცესებისთვის;
- · ხარისხიანი პრომპტების შედგენას;
- · ინფორმაციისა და წყაროების გადამოწმებას;
- · AI-ის პასუხებისადმი კრიტიკულ მიდგომას;
- · აკადემიურ კეთილსინდისიერებას;
- · მონაცემთა კონფიდენციალურობასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკურ საკითხებს.
პროფესიული სტუდენტები ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიმუშავებენ პრაქტიკულ გზამკვლევებს, რომლებიც სხვა სტუდენტებსაც დაეხმარება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სასწავლო პროცესში სწორად, გააზრებულად და მიზნობრივად გამოყენებაში.
ინიციატივა მიზნად ისახავს კოლეჯში ციფრული კომპეტენციების განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებას როგორც ადმინისტრაციული, ისე სასწავლო პროცესების გასაუმჯობესებლად.